გადაუდებელი მდგომარეობები ქირურგიაში ► მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები ► ჩაჭედილი თიაქრები
ჩაჭედილ
თიაქართა შორის ყველაზე ხშირია საზარდულის, ბარძაყის ჭიპის და ოპერაციისშემდგომი
თიაქრები. უფრო იშვიათად გვხვდება თეთრი ხაზის, მუცლის გვერდითი ზედაპირების,
შორისის არის, წელისა და შიგნითა ჩაჭედილი თიაქრები. ასევე არსებობს
პირველადი და მეორადი ჩაჭედვა. ჩაჭედვის ხასიათის მიხედვით — ელასტიური,
განავლოვანი, რეტროგრადული,
კედლისმიერი, ინტერსტიციალური. მათ გართულებას წარმოადგენს ნაწლავთა მწვავე
გაუვალობა, ნეკროზი, ჩაჭედილი ორგანოს პერფორაცია, თიაქრის პარკის ფლეგმონა,
ჯორჯლის სისხლძარღვების აღმავალი თრომბოზი, პერიტონიტი.
დიაგნოსტიკა
ყალიბდება ტიპიური ადგილობრივი და ზოგადი ნიშნებით.
ადგილობრივი ნიშნები:
— ტკივილი, როგორც წესი,არსებული თიაქრის ადგილას, მისი ჩაჭედვის შედეგად;
— მტკივნეული შეგრძნებების მატება, თიაქროვანი გამობერილობის გაზრდა, მისი
დაჭიმულობა და ჩასწორების შეუძლებლობა.
— თიაქროვან გამობერილობაზე ბიძგის გადაცემის არარსებობა.
სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ენდოგენური ინტოქსიკაციის ზოგადი ნიშნები,
განისაზღღვრება ჩაჭედვის ხასიათით და ავადმყოფის ასაკით. მატულობს ტაქიკარდია, თანდათანობით
ენა ხდება მშრალი, ჩნდება პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები, კუჭის მოქმედება და
აირების გამოყოფა წყდება, ვითარდება გულისრევის შეგრძნება და პირღებინება.
შინაგანი ჩაჭედვის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს — დიაფრაგმის თიაქრის ჩაჭედვა,
რომელიც შეიძლება განვითარდეს უკვე არსებული დიაფრაგმის თიაქრის სიმპტომების ფონზე ან
იყოს მისი გამოვლინების პირველი ნიშანი. მოულოდნელად ჩნდება ტკივილი გულმკერდის
მარცხენა ნახევარში და მუცელში, ხშირად ვითარდება შოკის მოვლენები. მალე ტკივილს
ემატება პირღებინება, (კუჭის ჩაჭედვისას პირღებინება სისხლიანი მასებით). ავადმყოფის
ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. აღინიშნება მკვეთრი ქოშინი, ციანოზი,
ტაქიკარდია, ენის სიმშრალე. დროთა განმავლობაში ინტოქსიკაციის და გაუწყლოების
მოვლენები მატულობს, ხოლო ტკივილი იკლებს.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
ჩაჭედილი საზარდულის, ან საზარდულ-სათესლე პარკის თიაქარი უნდა განვასხვავოთ
საზარდულის ლიმფადენიტის, სათესლე ჯირკვლის მწვავე წყალმანკის, ორქოეპიდიდიმიტის,
სათესლე ჯირკვლის და ბაგირაკის შემოგრეხის, ტუბერკულოზური ჩამონაწვეთისგან.
ჩაჭედილი ბარძაყის თიაქარი — ლიმფადენიტის, დიდი ზედაპირული ვენის ღრმასთან
შეერთების არეში არსებული ვარიკოზული კვანძის მწვავე თრომბოფლებიტის, ვენის
ტუბერკულოზური ჩამონაწვეთის, ლიმფურ სადინრებში ავთვისებიანი სიმსივნეების
მეტასტაზებისგან. იშვიათად — ბარძაყის არტერიის ანევრიზმისგან. ჩაჭედილი
დიაფრაგმული თიაქრის დიფერენცირება უნდა მოხდეს მიოკარდიუმის ინფარქტის, მწვავ
ჰემორაგიული პანკრეონეკროზის, მეზენტერიალური სისხლძარღვების თრომბოზის, ნაწლავთა
სტრანგულაციური გაუვალობის, კუჭის მწვავე შემოგრეხის და დიაფრაგმის რელაქსაციისგან.
გადაუდებელი დახმარება
— ქირურგიულ განყოფილებაში სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, საკაცით ტრანსპორტირება;
— კატეგორიულად აკრძალულია თიაქრის ჩასწორების მცდელობა, ანალგეტიკების,
აბაზანების, სითბოს გამოყენება;
— ჰოსპიტალიზაცია ასევე ნაჩვენებია, თუ გასინჯვის დროს თიაქარი ჩასწორდა.
პაციენტები ჩაუსწორებელი თიაქრით და ტკივილითი სინდრომით, ასევე უნდა იქნენ
ჰოსპიტალიზირებულნი გადაუდებელი დახმარების სტაციონარში.